განმარტება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის შესაძლო დემონტაჟის შესახებ

19 მარტი, 2013
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის შესაძლო დემონტაჟის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განმარტებას აკეთებს.

2012 წლის ზაფხულში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ სს „ნამახვან ჰესების კასკადმა“ მდინარე რიონზე დაიწყო ორი ხიდის მშენებლობა სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთში. იმ პერიოდში არსებული გეგმებით, ხიდები გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნამახვანის ჰესის მშენებლობისთვის საჭირო მისასვლელ გზებად მრავალტონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტიპიური ავტომობილებისათვის გამოსაყენებელი ხიდები არსებობს 50 მეტრის რადიუსში.

გადაწყვეტილება აღნიშნული ხიდების მშენებლობის შესახებ მიღებულ იქნა იმის მიუხედავად, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა და არც დღეს არსებობს ნამახვანის ჰესის მშენებლობის სრულყოფილი პროექტი და არსებული შესწავლები ეყრდნობა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული საველე კვლევების შედეგებს, რომლებიც დღეისთვის არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ.


გარდა ამისა, არც შარშან და არც დღეისთვის არ არის მოძიებული ნამახვანის ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური სახსრები, რაც 600-800 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხიდების მშენებლობა მიმდინარეობდა უკანონოდ, სამშენებლო ნებართვის გარეშე. დღევანდელი მდგომარეობით ხიდების მშენებლობის დასრულებას 4 მილიონი ლარი სჭირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხიდების მშენებლობის დაკონსერვების (და არა ხიდების დემონტაჟის) შესახებ მანამ, სანამ არ მოხდება ნამახვანის ჰესის მშენებლობის საჭირო სრულყოფილი საველე კვლევების ჩატარება, სათანადო საინჟინრო-საპროექტო სამუშაობის განხორციელება, მისაღები გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების მომზადება და მათი საჯარო განხილვების ჩატარება და ასევე, აუცილებელი ფინანსური სახსრების მოზიდვა. სხვა შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ნამახვანის პროექტის გაგრძელება იქნება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ეკოლოგიური და სოციალური ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

რაც შეეხება მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ხიდების მშენებლობის დასრულება, რადგან მათ ადგილობრივი მოსახლეობა გამოიყენებდა, გვინდა განვმარტოთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები დანახარჯებითაა შესაძლებელი იმ არსებული ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც ამჟამად სოფლებს ჟონეთსა და მამაწმინდას აკავშირებს.

სხვა სიახლეები