გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ფრანგული კომპანია GEOSTOCK SAS-ი მოამზადებს

08 ივნისი, 2015
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანია GEOSTOCK SAS-მა 5 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში აღნიშნული კომპანია მოამზადებს გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. კომპანია GEOSTOCK SAS-ის შერჩევა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოხდა.

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2016 წლის დასაწყისისათვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას.

პარალელურად, სნგკ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან პროექტის დაფინანსების პირობების შესწავლისა და ოპტიმიზაციის მიზნით.

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი შეფასებით, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისა და ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში - ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გაზსაცავი ასევე დააბალანსებს გაზის მიწოდებისა და მოხმარების სეზონურ უთანაბრობას, ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი სპეციალისტებიც.