ფიქლის ნავთობისა და გაზის თემატიკაზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

10 ივნისი, 2014
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ფიქლის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გახნსა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საქართველო, ისევე როგორც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა განვითარებისკენ ისწრაფვის, რისთვისაც საკუთარი რესურსების ათვისება რაციონალური გზაა. მისი თქმით, ექსპერტები აფასებენ საქართველოშიც ფიქლის ნავთობისა და გაზის რესურსსა და ამ მიმართულებით მუშაობის პერსპექტივებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი ექსპერტული კვლევების გაცნობა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიქლის ნავთობისა და გაზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, ასევე დისკუსიას აღნიშნული სფეროს საქართველოში განვითარების პერსპექტივების შესახებ.

კონფერენციაში მონაწილეობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო დონის ექსპერტები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, მონაწილეები საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში მომუშავე ინვესტორი კომპანიებიდან.

ფიქლის ნავთობისა და გაზის განვითარების ისტორია, ძებნა-ძიება და მოპოვება, ოპერაციების დაწყების გამოცდილება ახალ ქვეყნებში, საქართველოს ფიქლებიდან ნავთობისა და გაზის მოპოვების გეოლოგიური პირობების შეფასება კონფერენციაზე განსახილველი თემებია.

კონფერენცია, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ატარებს, ხვალ, 11 ივნისს დაასრულებს მუშაობას.

სხვა სიახლეები