ენერგეტიკის მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები მოინახულეს

07 მარტი, 2014
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები მოინახულეს.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს.

300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით. პროექტის ღირებულებაა 5 194 207 ლარი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

კახეთის რეგიონს საბჭოთა პერიოდში გაზი “რუსთავი-თელავის“ გაზსადენით მიეწოდებოდა. 1990-იან წლებში გაზის დანაკარგების გაზრდის გამო კახეთის გაზმომარაგება შეწყდა და დაიწყო მილების დატაცება. ამ პერიოდში მთლიანად გაიძარცვა “რუსთავი-თელავის“ გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს“ 25კმ-იანი მონაკვეთი. კახეთის რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლება.