ენერგეტიკის მინისტრმა და კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

21 ივნისი, 2013
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად, მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობისას საჭირო გახდა მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა. კორპორაციამ პირველად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისას, მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოსაწყობად დახრილ მიმართველი ბურღვის მეთოდი გამოიყენა. 550 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა გადასასვლელში 700 მმ მილი გაივლის.

როგორც კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო გაზსადენის ”ქუთაისი-სენაკის” მშენებლობა; ამ დროისთვის უკვე გაზსადენის 30 კმ-იანი მონაკვეთია აშენებული, ამ ეტაპზე კი მდინარე რიონის გადაკვეთის სამუშაოები მიმდინარეობს.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მეთოდები, რომელიც მდინარე რიონის გადაკვეთის სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, აპრობირებულია მსოფლიოში, საქართველო კი ამ მეთოდებს პირველად იყენებს, რაც მილების მდინარის ქვეშ 15 მეტრის სიღრმეზე გატარებას გულისხმობს.

სამუშაოებს ერთობლივი საწარმო ”საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლაცია უკრაინა” აწარმოებს.

მაღალი წნევის გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ხელშეწყობით.

გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” მონაკვეთის მშენებლობის ძირითადი მიზანი ფოთის განვითარებადი თავისუფალი სამრეწველო და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფაა.

სხვა სიახლეები