ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, „გარდაბნის თბოსადგურს“ ეწვია

26 ივლისი, 2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი, გია ბახტაძე, გარდაბანში მშენებარე “გარდაბნის თბოსადგურ 2“- ს და შპს “გარდაბნის თბოსადგურს“ ესტუმრნენ.

მინისტრს, კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გია ბახტაძემ და “გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ხელმძღვანელმა, მერაბ კიპაროიძემ, ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინეს.

შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა მგელაძემ კი, მინისტრს თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

შპს “გარდაბნის თბოსადგურისგან“ განსხვავებით, “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემაში, სიმძლავრის არარსებობის დროს, შესაძლებელი იქნება ელექტროსისიტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება.

კორპორაციის გენერალურ დირექტორთან ერთად, გარდაბნის თბოსადგურებზე, ასევე იმყოფებოდნენ “ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

“გარდაბნის თბოსადგურ 2“ის მშენებლობას, საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად შერჩეული ჩინური კომპანია - China Tianchen Engineering Corporation (TCC) აწარმოებს.

პროექტის დასრულება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და მთლიანად ენერგოსექტორის შეუქცევადი განვითარებისთვის.