ეკატერინე სისაურმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

17 ნოემბერი, 2025

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა. მინისტერიალი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა და იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნას ემსახურებოდა და მასზე ქართული მხარის წარმომადგენლობის მიზანი  ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს. აღინიშნა საქართველოს, როგორც სანდო და პროაქტიული პარტნიორის როლი მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში. ითქვა, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნული დერეფნის ხედვას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპულ მწვანე შეთანხმებასა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საერთო მიზნების მიღწევაში.

მინისტრის მხრიდან საუბარი შეეხო საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებს, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან მეტი ინტეგრაციისთვის. საბოლოო მიზნად კი, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით,  მათ შორის, ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით საქართველოს განახლებადი ენერგიის რეგიონულ ცენტრად პოზიციონირება განისაზღვრა.

მე-11 მინისტერიალში აგრეთვე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი. ღონისძიებას აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელჩები, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.