"ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის" ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტის განხილვა გაიმართა

20 ივლისი, 2010
"ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის" ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

დოკუმენტის განხილვას, რომელიც CENN-მა მოამზადა, სამეცნიერო წრეების, საგარეჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები, მათ შორის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანე ალტერნატივა და ენერგოეფექტურობის ცენტრი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზსაცავი შენდება საგარეჯოში, სოფ. ნინოწმინდაში, მოქმედ ნავთობისა და გაზის საბადოზე და პროექტის საპროექტო ღირებულებაა 270 000 000 დოლარი.

გაზსაცავის სავარაუდო საექსპლოატაციო მოცულობა 450 მლნ. კუბ. მ-ს შეადგენს.

2010 წლის სექტემბერში წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი შუალედური დოკუმენტი, ხოლო 2011 წლის იანვარში საბოლოო დოკუმენტი გზშ-ს სახით.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ განიხილავს ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კერძოდ მზისა და ქარის ენერგიის აკუმულატორების განვითარებას ახლო მომავალში და არ მიიჩნევს მას ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან მათი წარმოება მიიჩნევა ეკონომიურად არეეფექტურად, ერთეული წარმოებული ენერგიის მაღალი თვითღირებულების გამო.

გაზსაცავის მშენებლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტული გაზის საქართველოს კუთვნილი მოცულობის გამოყენების ეფექტურობის გაზრდა, კერძოდ, გაზის სარგებლობაში სეზონურობის სტაბილურობა. თუმცა, გაურკვეველია რამდენად იმოქმედებს გაზსაცავის მომსახურეობა გაზის საერთო ტარიფზე.