"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" (MCC) მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია

13 ივნისი, 2007
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დანილოვიჩმა დღეს დუშეთის რაიონში, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის არყალასა და ნანიანის მონაკვეთებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

დანილოვიჩმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში ერთი წლის წინ იყო და კმაყოფილია იმ სამუშაოების მოცულობით, რაც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. "ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან. იმ პროექტებს შორის, რომლებსაც "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" საქართველოში ახორციელებს, ერთ-ერთი წარმატებული მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტია",- აღნიშნა დანილოვიჩმა. მან მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას და კომპანია BP-ის თანამშრომლობისა და პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.

"ათასწლეულის გამოწვევა" წარმოადგენს აშშ მთავრობის სპეციალურ პროგრამას, რომელსაც ახორციელებს აშშ სამთავრობო ორგანიზაცია - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. პროგრამის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ განვითარებაში. 2004 წლის მაისში საქართველო აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში დაფინანსების პოტენციურ მიმღებ 16 ქვეყანას შორის დასახელდა. ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ერთობლივი მუშაობის შემდეგ 2005 წლის აგვისტოში აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ხუთწლიანი, 295.3 ამერიკული დოლარის ღირებულების პროგრამა - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი. 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ კომპაქტი ოფიციალურად შევიდა ძალაში.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 44,5 მლნ აშშ დოლარია. გაზსადენი საქართველოს ენერგოსისტემის ხერხემალს წარმოადგენს. იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ). გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთისათვის.

სხვა სიახლეები