აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება

08 თებერვალი, 2018
აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის “ქუთაისი- სოხუმის”, ქობულეთის განშტოების 700 მეტრიანი მონაკვეთი ახალ დერეფანში გადაიტანა, რითაც ორი რეგიონის გაზმომარაგების შეწყვეტის საშიშროება მოიხსნა.

2017 წლის დეკემბერში ადიდებულმა მდინარე სუფსამ, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზომლეთთან 80 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითთან, 100 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი დააზიანა. 34-ე კმ-ზე დაფიქსრიდა გაზის მცირე გაჟონვებიც, რომელიც ავარიულ რეჟიმში მალევე შეკეთდა. მასშტაბური ავარიის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა 700 მეტრი სიგრძის მილის ახალ დერეფანში გადატანა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ორი თვის განმავლობაში საკუთარი რესურსით და ტექნიკით სრული მობილიზებით, მაგისტრალური გაზსადენი “ქუთაისი-სოხუმის” ქობულეთის განშტოების ახალი 700 მეტრიანი სიგრძის 500 მმ-იანი დიამეტრის მონაკვეთი ააშენა. 6 თებერვალს, ახლად აშენებულ მილსადენზე, მოქმედ მაგისტრალთან შეჭრითი სამუშაოები ჩატარდა.