სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში კორპორაციის შვილობილმა - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაიმარჯვა

12 ოქტომბერი, 2009
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ მაგისტრალური გაზსადენის "საგურამო-ნავთლუღის" 700მმ დიამეტრის 50კმ-იანი მონაკვეთის 0-10 კმ-ს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში კორპორაციის შვილობილმა - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაიმარჯვა.

პროექტი გაზსადენის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2010 წლის 30 მარტია. ანგარიშსწორება კომპანიასთან ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოხდება: მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული თანხის 10%-ის ოდენობით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. საბოლოო ანგარიშსწორება კი სამუშაოების დამთავრებიდან 3 თვის ვადაში განხორციელდება.

ტენდერში, რომელიც 1 ოქტომბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო. პრეტენდენტებს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა წარმოედგინათ სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 1%ი-ს ოდენობით.

"საგურამო-ნავთლუღის" 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი "საგურამო-წითელი ხიდის" პროექტის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უკვე აშენდა "გარდაბანი-ნავთლუღის" 30-კმ-იანი მონაკვეთი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით "საგურამო-ნავთლუღის" პროექტი უკრაინულმა კომპანია "ვნიპიტრანსგაზმა" მოამზადა. "საგურამო-წითელი ხიდის" პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიას შესაძლებლობა ექნება სამი დამოუკიდებელი წყაროდან მიღებული ბუნებრივი აირი საქართველოს რეგიონებში ნებისმიერ მომხმარებელს მიაწოდოს.

სხვა სიახლეები