სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული.

პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია.

განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს.

გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის.

პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO.