გარდაბნის თბოსადგური 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 230 მგვტ სიმძლავრის “გარდაბნის თბოსადგური 2“-ზე ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით განსაზღვრული სამუშაოების 88%. ყველა ძირითადი აგრეგატი ადგილზეა ტრანსპორტირებული და ნაწილი უკვე დამონტაჟებულია.

“გარდაბნის თბოსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო, პროექტის დასრულება იგეგმება 2019/2020 წლის ზამთრის სეზონისთვის. მშენებარე თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე, გარდაბნის პირველი ენერგოეფექტური თბოსადგურის მსგავსად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს, შეადგენს 230 მგვტ-ს. იგი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის. მისი წარმატებული განვითარებისთვის.

“გარდაბნის თბოსადგური 2“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. 

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება.
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლაა.

კომპანია ჩართულია ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირებასა და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის გაზის მიწისქვეშა საცავის განვითარებაში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.