დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი

ბაქო-სუფსის მილსადენის სახელით ცნობილი დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP) საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა საქართველოში. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი, სანგაჩალის ტერმინალის გავლით, დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია. აქედან, საქართველოს მონაკვეთი 375 კმ-ს შეადგენს და იგი უმეტესწილად საბჭოთა პერიოდში აშენებულ სამგორი-ბათუმის ნავთობსადენის მარშრუტს იმეორებს. ამ უკანასკნელის ძირეული რეაბილიტაცია და ახალი ნაგებობების მშენებლობა საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმმა დააფინანსა. მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ტევადობაც ერთ მილიონ ბარელს აღემატება.

WREP-ის გავლით სანგაჩალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის იანვრის პირველ კვირას კი ნავთობი საქართველოში შემოვიდა.

საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი, კომპანია BP ახორციელებს.

პროექტის პარტნიორები: BP – 34,1%, Chevron – 10,3%, SOCAR – 10%, INPEX – 10%, Statoil – 8,6%, ExxonMobil – 8%, TPAO – 6,8%, Itochu – 3,9%, Amerada Hess – 2,7%.