აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 60 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ასრულებს.

პროექტს, რომელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს, სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია.  გაზსადენის განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს - აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. ამოქმედების შემდეგ, ობიექტი, საქართველოს ენერგოსტაბილურობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდება. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

ამჟამად, აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა და მას შემდეგ ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს - სისტემატურად ფიქსირდება კოროზიული დაზიანებები, გაზის გაჟონვა, წარეცხვა, მილსადენის საპროექტო მდგომარეობის დაკარგვის ფაქტები, და ა. შ. შედეგად, გაზსადენის მუშა წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად მიიჩნია მიზანშეწონილად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი გაზსადენის აშენება.