თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა

11 დეკემბერი, 2019
საერთაშორისო საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოყვა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის მე-2 ეტაპის დასრულებასა და მისი ექსპლუატაციის დაწყებას საქართველოს საზღვრიდან თურქეთის ტერიტორიის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე.

ქვემოთ მოცემულია TANAP-ის მოკლე დახასიათება და მისი ამოქმედების ეფექტი საქართველოსთვის, რაც როგორც პოლიტიკური და ბიზნეს წრეების, ისე ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს.

გაზის სამხრეთის კორიდორი

გაზის სამხრეთი კორიდორი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის შემადგენელ ნაწილს და ინიცირებულია ევროკავშირის მიერ 2009 წლის ზამთარში, რუსეთის მიერ უკრაინისა და უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების გაუთვალისწინებელი შეწყვეტის შემდეგ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის (და ირანის) გვერდის ავლით აზერბაიჯანული და კასპიისპირა სხვა ქვეყნების ნავთობისა და გაზის მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურით, საფუძველი ჩაეყარა 1998 წლის 29 ოქტომბრის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთისა და აშშ პრეზიდენტების სტამბოლის სამიტზე. შემდგომში, კერძოდ 1999 წლის 13 აპრილის სტამბოლის პროტოკოლისა და 1999 წლის 18 ნოემბრის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე დაიგეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კორიდორის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო--თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიური) გაზსადენის მშენებლობა, რასაც მოყვა შესაბამისი სამთავრობათაშორისო და მასპინძელ ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადება, ხოლო ხანგრძლივი, მრავალ რაუნდიანი და გონივრულ კომპრომისებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ყველა ჩართული მხარისათვის მომგებიანი კომერციული გარიგებების ძირითადი პრინციპები (საქართველოს ინტერესებს მოლაპარაკებებში იცავდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მომუშავე ადგილობრივ და მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი). კერძოდ:

აზერბაიჯანს და მისი საბადოების ოპერატორ კონსორციუმ(ებ)ს „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ხელმძღვანელობით, გაეხსნა ყველაზე მოკლე, ხელსაყრელი და პრაქტიკულად უალტერნატივო მარშრუტი საერთაშორისო ბაზრებისაკენ, კონკურენტი რუსეთისა და ირანის ტერიტორიების გვერდის ავლით,
საქართველო ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბაზრებისათვის სტრატეგიული ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანი სატრანზიტო სტატუსის მქონე ქვეყნად, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტით, რომელიც ათეულობით მილიარდი ჯამური შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა,
თურქეთი გახდა ენერგეტიკული რესურსებით საერთაშორისო ბაზრების უზრუნველყოფის რეგიონული ცენტრი (ჰაბი) შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლით,
ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს გაუჩნდა ბაზრების დივერსიფიკაციის პერსპექტივა და ენერგეტიკული რესურსების ახალ წყაროებზე წვდომის შესაძლებლობა.
საკუთრივ გაზის სამხრეთის კორიდორი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მოწოდების მარშრუტების განვითარებას კასპიის რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის ან მისი ტრანსფორმაციის პროდუქტების მიწოდებისათვის. გაზის სამხრეთი კორიდორის ძირითადი დანიშნულებაა ევროპის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ამაღლება, მიწოდების ახალი წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის მეშვეობით, პირველ ყოვლისა, ბალკანეთისა და ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, სამხრეთის კორიდორის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებასა და კონკურენციის გაძლიერებას საერთო ევროპულ ბაზარზე.

დღეისათვის გაზის სამხრეთი კორიდორი სამი მილსადენის: მოქმედი „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ (მისი გაფართოების SCPX პროექტის ჩათვლით) და „ტრანსანატოლიური“ (TANAP) და მშენებარე „ტრანსადრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტებისაგან შედგება. იგი გათვალისწინებულია აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის იტალიაში მისაწოდებლად, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. კორიდორის სრულმასშტაბიანი ამოქმედების შემდეგ კასპიის რეგიონიდან დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის, შემდგომში კი ჯამურად 31 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესაძლებლობა იქმნება თურქეთსა და ევროპაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში: იტალიაში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში, უკვე არსებული კონტრაქტების საფუძველზე.



გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელი პროექტები

ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) სამხრეთის გაზის კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი უერთდება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს საქართველოს საზღვარზე თურქეთის ქალაქ პოსოფთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. ტრანსანატოლიური მილსადენი შედგება თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული დაახლოებით 1839 კმ სიგრძის მილსადენისგან, მათ შორის: 1345 კმ 1400 მმ (56 დუიმი) დიამეტრის მონაკვეთისგან არდაჰანიდან ესკიშეჰირამდე (თურქეთის კუთვნილი გაზის მიმღებ პუნქტამდე), რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის ივნისში და 459 კმ 1200 მმ (48 დუიმი) დიამეტრის მონაკვეთისგან ესკიშეჰირიდან ედრინემდე (მოიცავს 2x17,5 კმ 900 მმ დიამეტრის მონაკვეთებს დარდანელის სრუტის ფსკერზე), რომლის მშენებლობის დასრულების ცერემონია 30 ნოემბერს აღინიშნა.

პროექტის რეალიზაციის პირველ ეტაპზე აშენდა ორი საკომპრესორო სადგური, საქართველოს საზღვართან და ესკიშეჰირთან, რაც საკმარისია მინიმუმ 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებისათვის. 30,7 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, რაც სავარაუდოდ 2026 წლისათვის გახდება საჭირო, პროექტი ითვალისწინებს დამატებით 5 საკომპრესორო სადგურის მოწყობას. თურქეთის ტერიტორიაზე მოწყობილია, აგრეთვე, გაზის მიმღებ-გამზომი სადგური არდაჰანის პროვინციაში, საქართველოს საზღვართან და გაცემა-აღების 2 სადგური ესკიშეჰირისა (ცენტრალური ანატოლია) და თრაკიის (ქვეყნის ევროპული ნაწილი) პროვინციებში.

ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მფლობელი კონსორციუმის (SOCAR 51%, BOTAS 30%, BP 12%, SOCAR Turkiye Enerji 7%) შეფასებით, მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 9,3 მლრდ $-ს უტოლდება (არსებული ინფორმაციით მილსადენის მშენებლობის ფაქტობრივი დანახარჯები შემცირებულია).

ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყო მილსადენით თურქეთისათვის დამატებით გათვალისწინებული გაზის მიწოდება. 2018 წელს შაჰ დენიზის მე-2 ფაზის მოპოვებიდან თურქეთის ბაზარს მიეწოდა დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი გაზი. გეგმის მიხედვით, 2019 წელს მიეწოდება 2 მლრდ, 2020 წელს 4 მლრდ, ხოლო 2021 წელს 6 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი.

2020 წლის დასაწყისისათვის, როცა დასრულდება ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა, გაზის სამხრეთი კორიდორის მარშრუტით დაიწყება გაზის ევროპის ბაზრებზე მიწოდება ეტაპობრივი ზრდით 10 მლრდ კუბურ მეტრამდე.

გაზის სამხრეთი კორიდორის უშუალოდ ევროკავშირთან დამაკავშირებელი ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP), განლაგებულია საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე და ადრიატიკის ზღვის გავლით უკავშირდება იტალიას. მარშრუტის გაყოლებაზე ტრანსადრიატიკულ მილსადენს მიუერთდება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონეკტორი (IGB) და იონიან-ადრიატიკის მილსადენი (IAP) გაზის მიწოდებისათვის საბერძნეთ-ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიერ დაკონტრაქტებული გაზის მისაღებად. გაზის სამხრეთი კორიდორის იტალიის ტერიტორიაზე განთავსებული TAP-ის ტერმინალი კი არსებული მაგისტრალური მილსადენების ქსელით დაკავშირებულია ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და საშუალებას იძლევა აზერბაიჯანული გაზი მიეწოდოს ამ რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის ბაზარს. არსებული კონტრაქტების საფუძველზე თურქული ბოტაში (Botas) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 9 კომპანია: Shell Energy Europe (დიდი ბრიტანეთი), Hera Trading (ჰოლანდია), Uniper (გერმანია), AXPO (შვეიცარია), Engie, Enel, Edison (იტალია), Depa (საბერძნეთი) და Bulgargaz (ბულგარეთი) უკვე 2020 წლიდან დაიწყებენ 16 მლრდ კუბურ მეტრამდე აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს გაზის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ შაჰ დენიზის საბადოს გარდა, აზერბაიჯანიდან დამატებითი მიწოდების წყაროებად მოიაზრება კასპიის ზღვის ოფშორული „აფშერონის“, „შაფაგ-ასიმანის“, „უმიდის“, „აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის“, „ბაბეკის“, „ყარაბაღის“, „ბაჰარის“ და სხვა საბადოები. აზერბაიჯანის საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა, პროგნოზის თანახმად, 2026 წლიდან იგეგმება, ხოლო 2035 წლისათვის, როცა ჯამური მოპოვება 50 მლრდ მ3-ს მიაღწევს, გაზის სამხრეთის კორიდორის საშუალებით წლიურად დაახლოებით 25 მლრდ მ3 აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად, თუ გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ კასპიისპირა ქვეყნებიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან, გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობაც, გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელი სამხრეთ კავკასიური და TANAP მილსადენები ამ პერიოდისათვის შეიძლება 31 მლრდ კუბურ მეტრამდე სიმძლავრით ამოქმედდეს, რომლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 20 მლრდ კუბურ მეტრი, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებისათვის იქნება განკუთვნილი.

გაზის სამხრეთის კორიდორის განვითარებასთან დაკავშირებული სარგებელი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობ- და გაზსადენები პირდაპირ უკავშირდება შავი ზღვის, ხოლო თურქეთის გავლით - ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ტერმინალებს და ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველო ჩამოყალიბებულია საერთაშორისო ბაზრებზე კასპიის ენერგეტიკული რესურსების დამოუკიდებელი, კომერციულად ნეიტრალური და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტით ტრანზიტის განმახორციელებელი სტატუსის მქონე საკვანძო ქვეყნად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებითა და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, ქვეყანა შეღავათიან ფასებში იღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. დღეისათვის ძალაშია 2 კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

2018 წლამდე, TANAP -ის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებამდე და ექსპლუატაციის დაწყებამდე საქართველოს შეეძლო ოფციური გაზის ხელშეკრულებით მაქსიმუმ 330 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება, შაჰ დენიზის კონსორციუმის თურქულ „ბოტაშთან“ დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური მიწოდების სიდიდიდან (6,6 მლრდ მ3/წ) გამომდინარე. TANAP -ის ამოქმედების შემდეგ თანდათანობით იზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები. 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ იგი გაიზრდება 22 მლრდ კუბურ მეტრამდე და მეტად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღოს, რაც ქვეყნის დღევანდელი მოხმარების დაახლოებით 45 %-ს შეადგენს.

შესაბამისი ყოველწლიური ფისკალური ეფექტი, TANAP-ის ექსპლუატაციის დაწყებითა და სამხრეთის გაზის კორიდორის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემთხვევაში დაახლოებით 300 მლნ ლარს, ხოლო ჯამური ეფექტი (2066 წლამდე პერიოდში) 12-13 მლრდ ლარს გადააჭარბებს, რის მიღებაც TANAP ამოქმედებამდე შეუძლებელი იყო.

უფრო მნიშვნელოვანი კი პოლიტიკური და სოციალური ეფექტია, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელ SCP, TANAP და TAP მილსადენების განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს პროგრესულ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაც.

რაც შეეხება პროექტის რეალიზაციის ფისკალური ეფექტის სოციალური ასპექტებს, საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფად შეძენილი გაზრდილი მოცულობების გაზი, საშუალებას იძლევა მინიმალურ დონეზე იქნეს შენარჩუნებული ქვეყნის მოსახლეობისა და გაზზე მომუშავე სტრატეგიული დანიშნულების თბოელექტროსადგურებისათვის მიწოდებული გაზის ფასი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის შემდგომ ამაღლებასა და მზარდი იმპორტის (ძირითადად რუსეთიდან) ჩანაცვლებას ადგილობრივ წარმოებული ელენერგიით და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ამაღლებას.

თემურ გოჩიტაშვილი

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე