ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხი

2016 წელს კორპორაციამ განახორციელა ევროობლიგაციების გამოშვება და მოზიდული თანხებით წინსწრებით დაფარა 2012 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების პირველადი ემისია 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დაფარვის ვადა განსაზღვრული იყო 2021 წლის აპრილით და მისი დაფარვა თავდაპირველად იგეგმებოდა ახალი ევროობლიგაციების გამოშვების  გზით. 2020 წელს დაწყებული პანდემიის შედეგად საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი გაურკვევლობის გამო, ახალი ევროობლიგაციების გამოშვების მეშვეობით შეუძლებელი გახდა არსებული ობლიგაციების რეფინანსირება (იმ პერიოდში, ფინანსურ ბაზრებზე სიტუაციის დასტაბილურებამდე, აღნიშნული ტიპის ტრანზაქციები თითქმის არ განხორციელებულა, გარდა არასახარბიელო/გაუარესებული პირობებით რამდენიმე გამონაკლისისა, ვინაიდან ინვესტორები გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე ითხოვდნენ დამატებით სარგებელს).

შესაბამისად, ევროობლიგაციების დადგენილ ვადებში დაფარვის უზრუნველსაყოფად, კორპორაციამ 2020 წლის აპრილში დაიწყო რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებზე მუშაობა. ერთ-ერთ ასეთ ალტერნატიულ საშუალებად მიჩნეულ იქნა სესხის სახით ფულადი სახსრების მოზიდვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან/ბანკებისაგან. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან წარმოებული მოლაპარაკებების და კორპორაციის საინვესტიციო გუნდის ძალისხმევის შედეგად, 2020 წლის სექტემბერში ევროპის რეკონტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმდა შესაბამისი სესხის ხელშეკრულება (2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების პირობებთან შედარებით არსებითად გაუმჯობესებული პირობებით), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად შეამციროს სესხის მომსახურების ხარჯები.

EBRD-საგან სესხის ათვისება კორპორაციამ მოახდინა 2021 წლის აპრილში, რის შედეგადაც სრულად დაიფარა 2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებები.