შპს გარდაბნის თბოსადგური დაფუძნდა 2012 წელს კორპორაციის და სს საპარტნიორო ფონდის ერთობლივი მონაწილეობით და ახორციელებს ქ.გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის ოპერირებას.„გარდაბნის კომბინირებული ციკლის 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის“ მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწო, 2015 წლის ივლისში კი ის ექსპლუატაციაში შევიდა. პროექტი მთლიანად დაფინანსდა სს „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობა განახორციელა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – „ÇALIK ENERJİ-იმ. http://gtpp.ge/
შპს გარდაბნის თბოსადგური 2 დაფუძნდა 2016 წელს კორპორაციის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით ქ.გარდაბანში მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.“გარდაბნის თბოსადგური 2“-ს მშენებლობა განახორციელა საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად შერჩეულმა ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation (TCC). "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში, ხოლო 2020 წლის მარტში სემეკ-მა გასცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია შპს გარდაბნის თბოსადგური 2-ზე. შედეგად, "გარდაბნის თბოსადგური 2"-მა ოპერირება დაიწყო 2020 წლის მარტიდან.
შპს საქართველოს გაზსაცავის კომპანია დაფუძნდა 2018 წლის ოქტომბერში კორპორაციის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2022 წელს დაიწყებს. ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.
2021 წლის 29 აპრილს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა ახალი შვილობილი კომპანია - შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე“ (შემდეგში „ქსელის მესაკუთრე“). „ქსელის მესაკუთრის“ ძირითადი ფუნქცია არის საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის (შემდგომში „გადამცემი ქსელი“) განვითარების მიზნით საჭირო ინვესტიციების დაფინანსება დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან (შემდგომში - „დსო“) თანამშრომლობის გზით. ამ ფუნქციების შესრულების მიზნით, 2021 წლის მაისში, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ „ქსელის მესაკუთრეს“ საკუთრებაში გადასცა „გადამცემი ქსელი“ და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და აგრეთვე, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის გაფორმებულ „გადამცემი ქსელის“ საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული, იჯარასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები. „ქსელის მესაკუთრე“, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, „დსო“-სთან ერთობლივი თანამშრომლობით უზრუნველყოფს „გადამცემი ქსელის“ განვითარების მხარდაჭერას მისი განვითარებისა და გაფართოებისთვის საჭირო საინვესტიციო პროექტების დაფინანსების გზით. პარალელურად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2023 წლის ბოლომდე დაასრულებს მიმდინარე სამშენებლო პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია „გადამცემი ქსელის“ განვითარებასთან, რომლებიც შემდგომში ასევე საკუთრებაში გადაეცემა „ქსელის მესაკუთრეს“. მოცემული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზით ვაჭრობის, „გადამცემი ქსელის“ საკუთრებაში ფლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ოპერირების ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის დირექტივების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას, რომლებსაც თანმიმდევრულად ასრულებს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
GOGC Trading S.A დაფუძნდა 2017 წლის აგვისტოში, რეგისტრირებული ოფისით ჟენევაში (შვეიცარია). კორპორაცია ფლობს კომპანიის 100%-იან წილს სააქციო კაპიტალით 100 ათასი შვეიცარული ფრანკი.კომპანიის მიზანია ნედლი ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და სხვა ნივთიერებებით ვაჭრობა და ლოჯისტიკა.