”ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედმა” ახალგაბურღული ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვება დაიწყო

18 აპრილი, 2013
ინდურმა ნავთობკომპანიამ ”ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედმა”, XIBსალიცენზიო ბლოკზე, სამგორის საბადოს სართიჭალის უბანზე ახლადგაბურღული ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვება დაიწყო. ჭაბურღილი დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

XIB სალიცენზიო ბლოკზე ჭაბურღილის ბურღვა 2013 წლის 26 იანვარს დაიწყო და 8 მარტს დასრულდა. ჭაბურღილი დახრილი პროფილითაა გაბურღული 2450 მეტრზე. დაცდის პროცესში მიღებული იქნა უწყლო ნავთობის სტაბილური შადრევანი დებეტით 24 კუბ. მ. დღე-ღამეში. სამგორის საბადოს აღნიშნულ უბანზე ნავთობის დარჩენილი ამოსაღები მარაგები გეოლოგიური პროგნოზით შეიძლება 2,4 მლნ. ტ-დან 8,7 მლნ.ტ-მდე მერყეობდეს.

ანალოგიურ სამუშაოებს კომპანია აწარმოებს ასევე XIB სალიცენზიო ბლოკის ფარგლებში კრწანისის საბადოზე. ამ საბადოზეც უკვე გაბურღილია ახალი ჭაბურღილი 2003 მეტრ სიღრმეზე. გახსნილია საპროექტო, შუაეოცენური ნალექები და მიმდინარეობს მათი დაცდა. კომპანია ამჟამად ასევე აწარმოებს IX სალიცენზიო ბლოკის ფარგლებში ოკამის ფართობზე პირველი ძებნითი ჭაბურღილის ბურღვას. ჭაბურღილის საპროექტო სიღრმე 3500 მ-ია, ხოლო საპროექტო ჰორიზინტი - ცარცული ნალექები.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ბევრი კომპანიაა შემოსული, რომელთაც ლიცენზიები აქვთ აღებული ნავთობის მოპოვებაზე; აღმოჩენილი ნავთობი კი ინვესტორებს ქვეყანაში საბურღი სამუშაოების გაგრძელების დამატებით ინტერესებს უჩენს. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში 84 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ნავთობის მოპოვების სერიოზულად გაზრდა. ამ ეტაპისთვის საუბარია იმაზე, რომ უახლოესი 2-3 წლის მანძილზე ამ სფეროში 200 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

”ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი” ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოში შვილობილი ოფშორული კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედის” მეშვეობით 2009 წლიდან აწარმოებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებს ხუთი სალიცენზიო ბლოკის (VIIA, IX, X, XIB და XIIIA) ფარგლებში. ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედი” ხელშეკრულებებით დადგენილი მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში ოთხ ბლოკზე აწარმოებს ძებნა-ძიებით ოპერაციებს, ხოლო XIB ბლოკზე ძებნა-ძიებასთან ერთად ახორციელებს ნავთობისა და მომყოლი გაზის მოპოვებას.

სხვა სიახლეები