Construction Works For The East-West Main Gas Pipeline DN700 Gori-Kareli 13km Section Are Underway At Full-Load

02 September, 2015
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 13კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.

გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების 52% შესრულებულია, რაც მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, ტრანშეას გათხრას, მილების შედუღება-იზოლაციას მოიცავს. გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე ასევე ჩატარდა წინასწარი ჰიდრავლიკური გამოცდა.

სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საქმილსადენმშენი“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ “გორი-ქარელის” მონაკვეთზე 2014 წელს დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის 20კმ-იანი სეგმენტის მშენებლობა, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს დღეისთვის მიმდინარე სამუშაოები.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2017 წელს გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.