გარდაბნის თბოსადგური 2


“გარდაბნის თბოსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 წლის მარტში სემეკ-მა გასცა შპს გარდაბნის თბოსადგური 2-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და შესაბამისად თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში 2020 წელს. მეორე თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე, გარდაბნის პირველი ენერგოეფექტური თბოსადგურის მსგავსად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს, შეადგენს 230 მგვტ-ს. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. განხორციელებულ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო-სექტორის მდგრადობისთვის და მისი წარმატებული განვითარებისთვის.

“გარდაბნის თბოსადგური 2“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. 

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდა.
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლაა.

კომპანია ჩართულია ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირებასა და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის გაზის მიწისქვეშა საცავის განვითარებაში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.