საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 16 პროცენტით გაიზარდა

26 ივნისი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოამზადა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ KPMG.

აუდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება. 2012 წელთან შედარებით გასულ წელს წმინდა მოგება 16%-ით გაიზარდა და 94,293 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, გაიზარდა კომპანიის შემოსავალი, სოპერაციო მოგება და EBITDA. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით 2013 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 325,761 მილიონი ლარი (9%-იანი ზრდა); საოპერაციო მოგებამ შეადგინა 100,359 მილიონი ლარი (21%-იანი ზრდა) და EBITDA-მ შეადგინა 104,694 მილიონი ლარი (7%-იანი ზრდა).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2013 წელს ბუნებრივი გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ზრდამ შეადგინა 4% 2012 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში მაგისტრალური გაზსადენების მიერ ტრანსპორტირებული გაზის გაზრდილმა მოცულობამ კორპორაციას გაზის ტრანსპორტირებიდან 8%-ით მეტი შემოსავალი მისცა. რაც შეეხება შემოსავლებს ნავთობის ტრანსპორტირების სეგმენტიდან, ის 2013 წელს წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 3%-ით. მნიშვნელოვანი ზრდაა 2013 წელს ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებშიც.

2013 წელს გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. გასული წლის დასასრულისთვის კორპორაციამ თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა აღნიშნულ პროექტის განხორციელებაზე. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დასრულება 2015 წლის დასასრულისთვის იგეგმება. კორპორაცია გარდაბნის თბოსადგურის ამუშავების შემდგომ, 2016 წლიდან, კომპანიის EBITDA-ს მაჩვენებლის 50%-ით ზრდას პროგნოზირებს.

2013 წელს, სნგკ ასევე აქტიურად იყო ჩართული მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებში, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხოებისა და საიმედოობის ზრდას.

სხვა სიახლეები