„ნამახვან ჰესების კასკადმა" ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

06 თებერვალი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ - ს/ს „ნამახვან ჰესების კასკადმა" პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
კონტრაქტორის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იქნება მსგავსი სირთულის პროექტის (რეზერვუარული ტიპის ჰიდრო ელექტრო სადგურები დადგმული სიმძლავრით 200 მგვტ და ზევით) წარმატებული შესრულების გამოცდილება.
ინტერესთა გამოხატვის მიზნებისთვის, მონაწილეებს მოეთხოვებათ დამსაქმებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება გამოცდილების, პერსონალის, ფინანსური მგდომარეობის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კომპანიებმა უნდა შეავსონ წინასწარ მომზადებული ფორმები, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ ელექტრონული სახით(PDF ფორმატში).
კანდიდატებმა ინტერესთა გამოხატვისთვის საჭირო დოკუმენტაცია შევსებული სახით უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2012 წლის 2 აპრილისა „ნამახვან ჰესების კასკადის" ოფისში - თბილისი, კახეთის გზატკეცილი 21. დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განხილული არ იქნება.
ნამახვან ჰესების კასკადი, ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. პროექტი მიზნად ისახავს 3 ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ჯამური დაგმული სიმძლავრით 450 მგვტ. იგეგმება გადამცემი ხაზის აშენებაც გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად.
ჯამური ინვესტიცია შეადგენს 800 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მშენებლობის პერიოდი 5 წელს.

სხვა სიახლეები