კორპორაცია USAID-ის პროგრამის მეოთხე ფაზის განხორციელებას იწყებს

05 დეკემბერი, 2012

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მეოთხე ფაზის განხორციელებას იწყებს.
 
პროგრამის მეოთხე ფაზაზე დაგეგმილია ზესტაფონი-ქუთაისის 700 მმ დიამეტრის გაზსადენის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და გორი-ქარელის მონაკვეთზე განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველი უბნების რეაბილიტაცია. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა. მასალების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უახლოეს ხანებში გამოცხადდება. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფოთი-სენაკის და სენაკი-აბაშის მონაკვეთების მშენებლობა, თუმცა იმის გამო, რომ კორპორაციამ მშენებლობის ახალი ტექნოლოგიები დანერგა, დაზოგილი თანხით შესაძლებელი გახდა ახალი პროექტების განხორციელებაც.  

USAID-ის ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის ფარგლებში 2010 წელს აშენდა ფოთი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენი, ამჟამად მიმდინარეობს სენაკი-აბაშის და აბაშა-ქუთაისის მონაკვეთების მშენებლობა. მეოთხე ფაზაზე დადეგმილი მონაკვეთების მშენებლობა კი  2013 წლის ზაფხულისთვის დაიწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500 მმ-იან დიამეტრის მილსადენი 700 მმ-იანით ჩანაცვლდება.  

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას  მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.

სხვა სიახლეები