კოოპერაცია ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის

07 ოქტომბერი, 2008
ნატო-ს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 2-3 ოქტომბერს ქ. ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა კოოპერაციის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს რეგიონული და საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, აზიისა და ამერიკის 19 ქვეყნისა და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის (ნატო, გაერო, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, საელჩოების თანამშრომლებმა, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის დარგის მეცნიერ-ანალიტიკოსებმა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ენერგეტიკის სპეციალისტები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან, მათ შორის, კორპორაციის ტექნიკური დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი და გენერალური დირექტორის მრჩეველი, პროფესორი თემურ გოჩიტაშვილი.
სემინარის ძირითად განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა ატომური ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ნავთობისა და გაზის რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის საკითხები და ამ დარგში რეგიონული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები.
თემურ გოჩიტაშვილის მოხსენება მიეძღვნა საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის როლს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის საიმედო მომარაგების საკითხის გადაწყვეტაში და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კოოპერაციის პერსპექტივებს ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად.
გიორგი ღვინიაშვილი მოხსენებით სემინარის მუშაობის შემაჯამებელ სხდომაზე გამოვიდა. მან ხაზგასმით აღინიშნა რეგიონალური კოოპერაციის მიზანშეწონილობისა და მსგავს საერთაშორისო ფორუმებზე კონკრეტული პროექტების განხილვის აუცილებლობა.
გამომსვლელთა უმრავლესობა შეეხო აგვისტოს რუსული აგრესიის შესაძლო უარყოფით შედეგებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალზე და დროული და ადექვატური რეაქციის აუცილებლობას საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან. სემინარის შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ამაღლების რეკომენდაციებს შეიცავს, ევროატლანტიკური პარტნიორობის პროგრამის მონაწილე მხარეებს შორის გავრცელდება.

სხვა სიახლეები