მედია

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში 25 ივნისს, მსოფლიო გაზის 27-ე კონფერენცია გაიხსნა. მონაწილეებს  სიტყვით მიმართა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა რიკ პერიმ.

კონფერენციაზე მსოფლიოს ასამდე ქვეყნის ნავთობ-გაზის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც გლობალური გაზის მარაგების 97 %-ს აკონტროლებენ.

მსოფლიო გაზის ინდუსტრიის ფორუმზე საქართველოს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი, თემურ გოჩიტაშვილი, რომელმაც ფორუმის დამსწრე საზოგადოებას  კომპანიის ბოლოდროინდელი მიღწევები და მიმდინარე პერიოდის გამოწვევები გააცნო. რაც ძირითადად, ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის ბაზართან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის კრიტიკულ საკითხებს მოიცავს. აგრეთვე, კორპორაციის წარმომადგენელი, დაინტერესებულ ქვეყნებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ ათვისებასთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე ესაუბრა.

კონფერენციის პარალელურად იმართება გლობალური გაზის ინდუსტრიის გამოფენა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 340 კომპანია  უახლეს მიღწევებს წარმოადგენს.

ღონისძიებაში, რომელიც მთელი კვირა გაგრძელდება და  სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულებისა და გლობალური ენერგოპოლიტიკისადმი მიძღვნილი 70-მდე სესია გაიმართება, მონაწილეობს 12 ათასამდე დელეგატი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან. ისინი გაზის ინდუსტრიის აქტუალურ პრობლემებზე, მათ შორის ინტენსიური ენერგომომხმარებელი ეკონომიკიდან დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე  გარდამავალი ენერგეტიკის, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, გლობალურ  ენერგეტიკულ  ბაზარზე გათხევადებული გაზის ინტერვენციისა და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.