ახალი ამბები

16 დეკემბერი, 2013

ბაქოში „შაჰ-დენიზი-2“-ს პროექტის საინვესტიციო ფაზის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია გაიმართება

2013 წლის 17 დეკემბერს ბაქოში „შაჰ-დენიზი-2“-ს პროექტის საინვესტიციო გადაწყვეტილების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

აღნიშნული პროექტი გახსნის ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ევროპაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

პროექტის განხორციელებით სამხრეთ-კავკასიური მილსადენით დამატებითი 16 მლრდ. კუბ. მ. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება თურქეთსა და ევროპაში; შედეგად, დამატებით სარგებელს საქართველოც მიიღებს. 

ხელმოწერის ცერემონიას ბაქოში ქართული დელეგაციაც დაესწრება. აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეწვევა, რომელიც ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

“შაჰ-დენიზი“-ს საბადოს მარაგი 1,2 ტრლნ. კუბ. მ-დაა შეფასებული, პროექტის მეორე ფაზის ღირებულება კი 25 მლრდ. აშშ დოლარია. „შაჰ-დენიზი-2“-ს ფარგლებში მოპოვებული 6 მლრდ. კუბ. მ. გაზს თურქეთი, 10 მლრდ. კუბ. მ-ს კი - ევროპა მიიღებს.

მიმდინარე წლის ივნისში კონსორციუმმა ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის TAP-ის პროექტი შეარჩია. თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებისთვის კი უნდა აშენდეს TANAP-ის გაზსადენი, რომელმაც ევროპამდე გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

„შაჰ-დენიზი“-ს საბადოს დამუშავებაზე კონტრაქტი 1996 წლის ივნისში გაფორმდა. პროექტში მონაწილეობენ: BP (25,5%), Statoil (25,5%), NICO (10%), Total (10%), LukOil (10%), TPAO (9%), SOCAR (10%).