საერთაშორისო პროექტები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენის სრული სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის. ნავთობსადენის დიამეტრი 42-46 დიუმია; აქვს 8 საქაჩი სადგური (2 აზერბაიჯანში, 2 საქართველოში და 4 თურქეთში).

BTC-ის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა და ოქტომბერში გარდაბანში სამი ქვეყნის პრეზიდენტმა მილსადენის საზეიმო ინაუგურაცია მოახდინა. ნავთობსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა.

მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. BTC "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

პროექტის მფლობელია საერთაშორისო კონსორციუმი BTCCo, 11 პარტნიორის შემადგენლობით. პარტნიორების სახელით კი მილსადენის მართვა ბრიტანულ BP-ს აქვს დაკისრებული. BTCCo-ს საპროექტო დაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და EBRD-ი მონაწილეობდა.

კონსორციუმის პარტნიორები: BP – 30,1%, AzBTC – 25%, Chevron-8,90%, Statoil – 8,71%, TPAO – 6,53%, ENI – 5%, Total – 5%, Itochu – 3,4%, INPEX – 2,5%, ConocoPhillips – 2,5%, Amerada Hess – 2,36%.