გაზის ტრანსპორტირება

საქართველოში გაზის ტრანზიტი ორი მილსადენით ხორციელდება - სამხრეთ-კავკასიური მილსადენით (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით.

სამხრეთ-კავკასიური მილსადენით, რომელიც ცნობილია, როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, აზერბაიჯანში, შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის თურქეთში ტრანზიტი ხორციელდება. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი - 249 კმ0ია. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი უმეტესწილად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გამოცდისა და ამუშავებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაზი 2006 წლის სექტემბერში გაუშვეს. ამავე წელს გარდაბნის ახლოს დასრულდა საქართველოს გაზმომარაგების სისტემასთან მილსადენის შემაერთებელი ახალი, 12- კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, საქართველომ მილსადენიდან პირველი გაზი 2007 წლის იანვარში მიიღო.

მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბური მეტრია.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. გაზსადენით, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221 კმ), შესაძლებელია ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსა და სომხეთისთვის.

"საქართველოს ათასწლეულის ფონდის“ პროექტის ფარგლებში, გაზსადენს ძირეული რეაბილიტაცია 2006-2009 წლებში ჩაუტარდა. პროექტის მიზანი იყო გაზსადენის საიმედოობის და ეფექტურობის გაზრდა; საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მილსადენზე გაზის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება და მოსალოდნელი ავარიების თავიდან აცილება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია მაგისტრალური გაზსადენის ყველაზე დაზიანებული უბნები.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.