გაზის მოპოვება

საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა.

რაც შეეხება თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე მომყოლ გაზს მოიპოვებს ”ბლეიკ ოილ ენდ გეზის” შვილობილი ”ნინოწმინდის ნავთობის კომპანია”. ასევე, ინდური კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია” XIB სალიცენზიო ბლოკზე, ნავთობის მოპოვებასთან ერთად მომყოლ გაზსაც მოიპოვებს. გაზის ჰიდრატების ძებნა-ძიების სამუშაოებს შავი ზღვის შელფზე რუმინული კომპანია "მარექსინი" ახორციელებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზის წლიური მოპოვება, საშუალოდ 16.5 მლნ. კუბ. მ-ია. სულ საქართველოში მოპოვებულია 2.8 მლრდ. კუბ. მ. გაზი, საიდანაც თავისუფალი გაზის რაოდენობა 552.8 მლნ. კუბ. მ-ს შეადგენს. 

საქართველოში დღეისათვის გაზის მოპოვებითი სამუშაოები მცირე რაოდენობით ხორციელდება.